გოგონა ფენტეზიდან

გოგონა ფენტეზიდან

თამარი ქართველი ქალი ავტორია, რომელიც თავის რომანებში დროებით, ფერად და ფანტასტიკურ სამყაროზე, იქაურ მოვლენებსა და ადამიანებზე წერს.

ხელში კალამი ერთმა შაბათ-კვირამ ააღებინა. მაშინ, როცა მამამ ვერ მოახერხა მისთვის ახალი წიგნების გაგზავნა, თამუნამ გადაწყვიტა საკუთარი სამყარო ფურცლებზე შეექმნა და ამჯერად ისე დაესრულებინა ამბები, როგორც თავად მოისურვებდა.

ელის დოჯსონი

მისი სახელი და გვარიც ფანტაზიის სფეროდანაა და ლუის კეროლის მეოცნებე, ჯადოსნურ გოგონასა და თავად ავტორს ეკუთვნით. ამ შთაგონებით შეიქმნა ფსევდონიმი “ელის დოჯსონი” და ის უკვე წლებია, თამარის საავტორო იდენტობას წარმოადგენს.

“რას გაუგებ ამ ცხოვრებას?! შეიძლება მოვიდეს დრო და ვიღაცამ ჩემი რომელიმე გმირის სახელი და ჩემი ნამდვილი გვარი, თავისი ცხოვრების სავიზიტო ბარათად აქციოს”, – ამბობს ელისი და აგრძელებს ფურცლების რეალობაში ისეთი ქალაქებისა და სოფლების შექმნას, რომლებიც ძალიან უნდა, რომ ნახოს.

წერის პროცესში დეტალურად ეცნობა უკვე არსებული ადგილების ლანდშაფტს, ცხოვრების წესს, გარემოს და მოძიებული ინფორმაციის შედეგად, უკვე მკითხველს აძლევს საშუალებას შეიგრძნოს და იმოგზაუროს ისეთ სამყაროში, რომელიც თან რეალურია და თანაც წარმოუდგენლად გასაოცარი.

“პატარაობისას, როცა ვიძინებდი, სულ მეგონა, რომ ჯადოსნური არსებები მოვიდოდნენ ჩემთან. მჯეროდა, რომ ფერიები და ალები ჩვენ გვერდით იყვნენ, უბრალოდ მათი ხილვა მხოლოდ განსაზღვრულ დროს იყო შესაძლებელი.

ჩემი გმირი, 13 წლის ნიკანდრე, სწორედ ასეთ ფანტასტიკურ სამყაროში ცხოვრობს. როგორც მისი ასაკის სხვა ბავშვებს, მასაც აქვს ბავშვური სიბრაზეები თუ პრობლემები, უბრალოდ, მას უფრო მეტად გაუმართლა, რადგან რაღაც უნიკალურისა და ჯადოსნურის ნაწილია.”

ელისი ცდილობს, რომ თანამედროვეობაში ფენტეზისა და რეალობას შორის ბალანსი დაიცვას და მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, პირადი ცხოვრება არ ახდენს გავლენას იმაზე, თუ რას წერს, მისი გამოგონილი სამყაროს გმირები ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანების ანარეკლები არიან.

“მკითხველმა მიბიძგა დაკვირვებისა და გაანალიზებისაკენ, რომ ჩემი გმირები ძლიერი, დამოუკიდებელი ქალები არიან, რომლებიც დამარცხდნენ, მიწას შეეხნენ, თუმცა წამოდგომა და აღმასვლა შეძლეს. ისინი არიან ქალები, რომლებიც ცხოვრობენ არაფემინისტურ გარემოში, მაგრამ იცვლებიან, ცვლიან შეხედულებებს, ძლიერდებიან და უსმენენ საკუთარ თავს ისევე, როგორც რეალობაში.

ბევრი მარცხის შემდეგ, ჩვენ მაინც ვაგრძელებთ ბრძოლას და ზუსტად ეს არის სიძლიერე, რომელიც ჩემს არაცნობიერს ფანტასტიკურ მოვლენებში აქვს გადმოცემული.”

ელის დოჯსონი ამჟამად სხვა კუთხით დანახული ბიბლიური ისტორიებით სავსე მოთხრობების კრებულზე მუშაობს, რომლებსაც სათაურებად გეომეტრიული ფიგურები ან მათემატიკური ფორმულები ექნებათ.

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *