„საჰაერო განგაში უკვე ჩვენი ცხოვრების ნაწილი გახდა“

ლილია

24 თებერვალს, სახლში, ოდესაში, ღამის მატარებლით ვბრუნდებოდი. 05:30 საათზე, ჩემმა აფხაზმა მეგობარმა, რომელმაც კარგად იცის, თუ რას ნიშნავს „რუსი განმათავისუფლებლები“, გამაღვიძა და მითხრა, რომ უკრაინაში ომი დაიწყო.

სანამ სადგურიდან სახლში მივდიოდი, ტაქსის მძღოლი ჩუმად იყო – ოდესაში ტაქსის მძღოლები არასდროს ჩუმდებიან…

ლილია ჰრიჩულევიჩი

მე 42 წლის, გარემოდამცველი აქტივისტი, ლილია ჰრიჩულევიჩი ვარ. მონაწილეობას ვიღებ ოდესის პატრიოტულ მოძრაობაში და ვარ საქათველოს ქალთა საბჭოს წარმომადგენელი.

ჩემი პირადი ომი რუსეთთან, დიდი ხნის წინ, 1997 წელს დაიწყო. 2002 წელს, ეთნიკური ბულგარელებით დასაქმებულ, რუსულენოვან გარემოში მომიწია მუშაობა, ისინი კი კატეგორიულად არ აღიარებდნენ უკრაინულს, როგორც ენას. მას შემდეგ მახსოვს ლესია უკრაინკას სიტყვები, რომ „ერმა უფრო მეტად უნდა დაიცვას ენა, ვიდრე ტერიტორია, როცა ენა კვდება, ერიც კვდება.“ მივხვდი, რომ ენა ჩვენი იარაღია, თუმცა, დამოუკიდებლობის აღდგენიდან 31 წლის შემდეგ, უმეტყველოდ, ხმის ამოუღებლად, რუსეთისაგან ჯერ ინფრასტრუქტურული ობიექტები და სამხედრო ნაწილები, შემედგ კი მშვიდობიანი მოსახლეობა დაიბომბა…

ქალაქის პირველი დაბომბვის დღეს, იყო უწყვეტი პანიკა, დიდი რიგები ბანკომატებთან, ბენზინგასამართ სადგურებთან, მაღაზიებთან… მეჩვენებოდა, რომ ოდესაში მშვიდობიანი მოსახლეობა საერთოდ აღარ იქნებოდა და მხოლოდ სამხედროები დარჩებოდნენ, მაგრამ რაც ვნახე ომის პერიოდში, რბილად რომ ვთქვათ, გამაოცა – ზოგი ქსოვს შესანიღბავ ბადეებს, ზოგი საკვებს ამზადებს, საკუთარი ხარჯებით ყიდულობენ და ამარაგებენ ჩაფხუტებით, წინდებით, ქუდებითა და ხელჯოხებით სამხედროებს. თუმცა, ამ მზადებისა და ერთსულოვნების ფონზე, ოდესის მაცხოვრებლები ოცნებობენ არა ჩანთებზე ქვიშით, არამედ ქვიშიან სანაპიროზე გასვლასა და მშვიდობაზე.

მაგრამ სირენის ხმა, რომელიც დღეში რამდენჯერმე აფრთხილებს მოსახლეობას, ცხადყოფს, რომ ომი ჩვენს ქალაქსა და სამშობლოშია.

სამწუხაროდ, არც ხელისუფლება და არც ხალხი არ იყო მზად სრულმასშტაბიანი ომისთვის. სარდაფები, რომლებიც ახლა თავშესაფრად გამოიყენება, ძირითადად ან მიტოვებული იყო, ან კომერციული მიზნებისათვის ჰქონდათ გაქირავებული.

მე მეგობრებთან ერთად მოხალისედ რუმინეთის ქალაქ ტულჩაში ვარ. ეს ქვეყანა, ომის პირველივე წუთებიდანვე, აქტიურად ეხმარება უკრაინელ ლტოლვილებს. ყოველ დღე ვხედავ ასობით სასოწარკვეთილ ადამიანს, რომელიც იძულებულია დატოვოს სამშობლო. ქალებმა, ბავშვებით ხელში, არ იციან, როგორ იცხოვრონ ამის შემდეგ. ჩემს მეგობრებთან და უმსხვილეს მოხალისე ორგანიზაცია ADRA-სთან (ადვენტიური სააგენტო განვითარების, რეკონსტრუქციისა და რელიეფისთვის) ერთად, მათ  დროებითი თავშესაფრითა და აუცილებელი საჭიროების ჰუმანიტარული დახმარებით უზრუნველვყოფთ.

ლტოლვილების მოტანილი ამბებით გავიგეთ, თუ რა სჭირდებათ მებრძოლებს, სამწუხაროა, ეს გამოცდილება, მაგრამ ახლა უკვე ვიცი, რა მედიკამენტებია ყველაზე აუცილებელი საომარი მდგომარეობის დროს…

არ მჯერა, რომ ამას ვამბობ, მაგრამ საჰაერო განგაში უკვე ჩვენი ცხოვრების ჩვეულებრივი ყოველდღიურობა გახდა.

საზღვარზე გადმოსულ ქალებსა და ბავშვებს არ ესმით აფეთქებები, გამაფრთხილებელი სირენის ხმა და არ უწევთ გაქცევა რუსული მკვლელი არმიისაგან. ადგილობრივი დიასპორები სხვადასხვა აქტივობებითა და მასტერკლასებით ცდილობენ მათ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში ჩართვას, თუმცა ქალები, სრულიად განსხვავდებიან იმათგან, ვინც იყვნენ მშვიდ, ომამდელ უკრაინაში ცხოვრებისას, ისინი იმყოფებიან გაურკვეველ მომავალში, სადაც წარმოდგენა არ აქვთ, თუ როგორ იცხოვრებენ.

ომი ცვლის ადამიანებს…

მე მჯერა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს და აღარასოდეს იქნება იგივე, რაც იყო რუსეთის აგრესიამდე. უკრაინელი კაცები უშიშარი მეომრები არიან. ისინი არ ზოგავენ საკუთარ თავს და იბრძვიან თითოეული ქალაქისა თუ სოფლის თავისუფლებისათვის. კაცების გვერდით უამრავი ქალი მებრძოლია, რომლებიც ასევე ყველაფერს აკეთებენ საკუთარი ქვეყნის დასაცავად.

მე მჯერა, რომ ომის შემდეგ, უკრაინა იმ ქვეყნებზე ბევრად უფრო ძლიერი იქნება, რომლებსაც გამბედაობა არ ეყოთ, რუსული აგრესიის, გავლენისა და ჩაგვრისაგან გათავისუფლებულიყვნენ. არაპროგნოზირებად მტერთან ბრძოლის შემდეგ, უკრაინა იქნება მაგალითი მთელი მსოფლიოსათვის, თუ როგორ უნდა შექმნას უსაფრთხო და ცივილური გარემო; ისინი კიდევ უფრო დააფასებენ მშვიდობას, რადგან მასში ძალიან ძვირი ფასი უკვე გადახდილი ექნებათ.

უსაზღვროდ მადლიერი ვარ თითოეული მებრძოლის, ქალია ეს თუ კაცი, რადგან ისინი ჩვენს მომავალს იცავენ. ამ მომავალში კი მე მაქვს გეგმა – მშვიდობის დადგომისთანავე, ჩემს საუკეთესო მეგობრებთან ერთად, საქართველოს მთებში სიჩუმის მოსასმენად წავალ.

ეს უთანასწორო და უსამართლო ბრძოლა არავის ესმის იმაზე უკეთესად, ვიდრე ქართველებს…

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *