ბარბარა სამხარაძე – გოგონა ბავშვობის ოცნებებით

ბარბარა სამხარაძე

„მე ერთი სოფლელი გოგო ვარ, რომელიც ყველაფერს აკეთებს ბავშვობის ოცნებების ასახდენად“

20 წლის ბარბარა სამხარაძესათვის მნიშვნელოვანია, რომ ცხოვრების ბოლომდე დარჩეს იმ გოგონად, რომლის ოცნებებიც ერთ პატარა ფურცელზე ეტეოდა, მომავალზე ფიქრისას გული უჩქარდებოდა და ელოდებოდა წამს, როდესაც მასთან კითხვებით ჟურნალისტები მივიდოდნენ.

პატარა გოგონადან წარმატებულ და ცნობილ მომღერლობამდე გასავლელი გზა გრძელი და რთული იყო, თუმცა მიზნისაკენ სწრაფვა და საკუთარ თავზე მუშაობა მას არასდროს შეუწყვეტია.

როგორც ბარბარა ამბობს, წლების მატებასთან ერთად, ხშირია, როცა უარესს ცუდი ანაცვლებს, როდესაც გულს გატკენენ, ან იმედებს გაგიცრუებენ, თუმცა, ადამიანები ბევრს ვსწავლობთ, ვეჩვევით და ვუმკლავდებით კიდეც.

„ყველაზე ნაკლებად ქალად თავს მაშინ გრძნობ, როდესაც სოფელში ცხოვრობ. ბევრი საქმეა, რომელსაც მშობლები მარტოები ვერ ერევიან, მაგრამ, სოფლის ცხოვრება ასეთია – საკუთარი თავის გარდა, თითოეული ქალი სხვა, ყოფით პრობლემებზე დარდობს და ყოველდღიურად იბრძვის. ვამაყობ საკუთარი ოჯახით, რადგან სხვების დახმარების გარეშე გავუძელით და გადავლახეთ ყველა სირთულე“

ბარბარას თქმით, ადამიანებს ხშირად ავიწყდებათ ის გზა, რომელიც მათ გაიარეს. შესაძლებელია, სხვა მომღერლებისათვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სირთულე გარეგნობაზე ფიქრი და ზრუნვა იყოს, თუმცა –

„მე ვარ მე! რომელსაც არც საქმიანობა და არც პროფესია არ ავალდებულებს რაიმე სიახლეს ან ცვლილებას, განსაკუთრებით, გარეგნობაში. ვფიქრობ, შინაგანი მზე გარედან ვერასდროს გაანათებს“

ბარბარა თავის ყველაზე დიდ წარმატებად საკუთარ რადიო გადაცემას „სოფლის დღიურები“ თვლის. პროექტის ფორმატში, სოფლის, უბრალო მაცხოვრებლები, რომლებსაც ხშირად არავინ უსმენს, საკუთარ ამბებს ყვებიან და თავიანთ ხმას სხვა, მათნაირ ჩუმად მცხოვრებ ქალებს აგებინებენ.  

ბარბარა სამხარაძე

„ძვირფასო ქალბატონო, ვინც ამას კითხულობ: დაოჯახებულო, შვილიანო, მარტოხელავ, სკოლის მოსწავლევ, სტუდენტო, დასაქმებულო, დიასახლისო, დედავ, დავ, თუ შვილო – იცოდე, შენ ზუსტადაც რომ მარტო ხარ იმ პრობლემების დიდ ქსელში, რომლებთანაც გიწევს გამკლავება. არც ჩემ და არც შენს წილ ცხოვრებას არავინ ზიდავს, არც ბედნიერებას გაიზიარებენ ბოლომდე და არც მწუხარებას; თუმცა, თუკი ვინმეს დახმარება დაგჭირდება, აუცილებლად ითხოვე, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც რთულ სიტუაციაში გვერდში დაგიდგებიან. ყოველთვის გახსოვდეს, ვინ იყავი და ვინ ხარ ახლა, შენი ოცნებების ახდენა კი არ არის გვიანი მანამ, სანამ დღის სინათლეს ხედავ“

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *