ლამარა აბჟანდაძე – 90 წლის ბლოგერი

ლამარა აბჟანდაძე

პოლიტიკური თუ სოციალური გარემოს მიმართ პროტესტის გრძნობა ბავშვობიდან ჰქონდა. მისი პირველი ქმედება, რომელიც გმირობის ტოლფასი იყო, 1947 წელს, დემონსტრაციულად დატოვებული კომკავშირია. შეჭირვებული ოჯახი მხოლოდ სტიპენდიით არსებობდა, პარტიის მდივანი კი  მისი დაკარგვით ემუქრებოდა. იყო შევიწროებები, სიძნელეები და შანტაჟი. მიუხედავად ამისა, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე, ლამარა აბჟანდაძე, მხარს მაინც არ უჭერდა და არ იაზრებდა ისეთი კავშირის პოლიტიკას, რომელიც არაფერს აკეთებდა.

1953 წელს, უნივერსიტეტის დასრულებისთანავე, სკოლის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. 22 წლის ლამარა თავისი თანაკლასელებისა და ძმების მასწავლებელი იყო და როგორც იხსენებს, სწორედ ამიტომ არ გაუჭირდა მოსწავლეებთან ურთიერთობა – ისინი ყველანი თანატოლები და მეგობრები იყვნენ.

„ჩემი ძმის კლასში გაკვეთილს ვატარებდი. დავალების ჩაბარება რომ მოვითხოვე, ყველამ ერთხმად მითხრა, რომ არ გაუკეთებიათ. შემდეგ ჩემს ძმას ვკითხე, რომელიც ზუსტად ვიცოდი, რომ წინა დღეს მეცადინეობდა. მანაც უარი მითხა და სახაზავი მომაწოდა – ჟურნალში ერთიანების დაწერა უფრო გაგიადვილდებაო. უხერხული სიჩუმის შემდეგ, ბავშვებმა აღიარეს, რომ მცდიდნენ, აინტერესებდათ, როგორ მოვიქცეოდი“

ასტრონომიის გაკვეთილს ღამე, ცაზე დაკვირვებით, აპარატურის გარეშე, მხოლოდ ბინოკლის ამარა ატარებდა. ბავშვებს ასწავლიდა, როგორ გაეგნოთ გზა ტყეში დაკარგვისას, როგორ ეპოვნათ თანავარსკვლავედები, რა იყო ირმის ნახტომი და რამდენად საოცარი იყო სამყარო.

35 წლის განმავლობაში ასწავლიდა და როგორც ამბობს, ეს იყო ყველაზე ბედნიერი დრო მის ცხოვრებაში. მოსწავლეების უმეტესობა თავიანთ წარმატებას ლამარა მასწავლებელს უმადლიან და მასთან დღემდე მეგობრობენ.

მოსწავლეებისაგან განსხვავებით, ლამარა აბჟანდაძე, სკოლის დირექტორისა და კოლეგების აზრით, წარუმატებელი ადამიანი და ხშირად პრობლემების მომტანიც იყო. თუმცა, მასწავლებელს მშობლებისა და ბავშვების დიდი მხარდაჭერა ჰქონდა და ამიტომ სამსახურის დაკარგვის არ ეშინოდა.

„დირექტორს ყვირილი უყვარდა. თათბირებზე მუშტს დაარტყამდა ხოლმე მაგიდაზე და გვიბრძანებდა კლასში თანხა აგვეგროვებინა. ჩემს მოსწავლეს წიგნიც კი დაუხია, რადგან ჩათვალა, რომ კლასგარეშედ არაფერი უნდა ესწავლათ. იმ ბავშვს ჩემი წიგნი ვაჩუქე და დირექტორის ნაცვლად ბოდიშიც მოვუხადე. კომუნისტების დროსაც იწერებოდა ხანდახან  ჭკვიანური რამეები. ერთგან წავიკითხე, ყვირილი ხელმძღვანელის სისუსტეაო, გავუშალე ეს გაზეთი და მაგიდაზე დავუდე. გაბრაზდა, ძალიან გაბრაზდა, მუშტებიც ურტყა და გამომეტყველებაც ეცვლებოდა, მაგრამ სიმართლე არ იყო?!”

სამი წლის წინ, იმისათვის, რომ დედას არ მოეწყინა, ლამარას შვილმა სოციალური ქსელის გამოყენება ასწავლა. მისი პირველი პოსტი გია კორკოტაშვილის კრიტიკა იყო, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება, აზრთა სხვადასხვაობა და ნათესაობის მომდურებაც კი მოჰყვა. როგორც ამბობს, ძმამ, რომელმაც ბავშვობაში ერთიანების დასაწერად სახაზავი მიაწოდა, სტატუსი და პოლიტიკური დამოკიდებულება არ მოუწონა, ძალიან გაუბრაზდა და საპასუხოდ ლამარას ფეისბუქ გვერდზე დაბლოკვაც დაიმსახურა.

ბევრია შეურაცხმყოფელი კომენტარები, მოწოდებები, სიძულვილის ენა და უხეში დამოკიდებულება 90 წლის ბლოგერი ლამარა აბჟანდაძეს მიმართ, თუმცა ის თვლის, რომ სწორი აზრის მხარეს დგომა ყოველთვის გამოიწვევს ვიღაცის უარყოფით დამოკიდებულებას.

„ჩემთვის ადამიანები და უფრო მეტად – ქალები, ძალიან მნიშვნელოვანი არიან. ვერ ვიგებ, რატომ უნდა დაჩაგრო შენივე თანასწორი, თუნდაც იყოს ის რომელიმე უმცირესობის წარმომადგენელი? ისინი ხომ არ იჭრებიან სხვების ცხოვრებაში, ჩვენც ნუ შევიჭრებით მათთან და ნუ დავუწყებთ სულში ხელის ფათურს. ადამიანი ისეთი დაიბადა, როგორადაც საკუთარ თავს თვლის და იცნობს.

მოძალადეების არ მწამს, ზოგადად. ძალიან გაბრაზებული და ნაწყენი ვარ. მე ჩემს აზრს რომ ვაფიქსირებ, მეუბნებიან, რომ არ მეკადრება ასე ფიქრი. ნათესავმა ისიც კი მომწერა, ვიცი, რომ ყვავილები გაქვს, მოუარე მაგათ და შეეშვი ამ ფეისბუქსო. პასუხი კი გავეცი, მაგრამ გაიგებს?!  

ლამარა აბჟანდაძე

ერთადერთი რამის თქმა მინდა ახალგაზრდებისათვის – არ შეუშინდეთ ცხოვრებას. სიმართლე და მხოლოდ სიმართლე გაგამარჯვებინებთ და წაგიყვანთ ნათელი მომავლისაკენ. იარეთ სწორ მხარეზე, როგორი რთულიც არ იყოს ეს. ტყუილით, მოჩვენებითა და აგრესიით ფონს ვერ გახვალთ. რაც დღემდე მიცხოვრია, მხოლოდ სიმართლით, ამასვე მოვუწოდებ ყველას – დაიცავით თქვენი და იმ ადამიანების უფლებებიც, რომლებსაც ჩაგრავენ“

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *