ინტერვიუ ახალგაზრდა ქალთან

ინტერვიუ ახალგაზრდა ქალთან

21 წლის ასაკში გავყევი ცოლად. მიუხედავად იმისა, რომ არც კი ვოცნებობდი ქორწინებაზე, ჩემთვის უპირველესი ამოცანა ლუდომანი მამისაგან გაქცევა იყო…ხოდა, ასე, დავთანხმდი და თეთრი კაბის ჩაუცმელად მის სახლში შევედი.

ეს ლურჯი კანი? ხო, ფეხი დამიცდა უბრალოდ სველ იატაკზე, მოუხერხებელი რომ იქნები, ადამიანი..

სულ რამდენჯერმე იყო, ორი თვის განმავლობაში, რომ ცოტა უხეშად მოუვიდა ჩემთვის თმების მოქაჩვა. ტკენით მეტკინა, თუმცა რას ვიზამდი, გაღიზიანებული იყო ალბათ რამეზე. არაფერი უთქვამს, მაგრამ, ბოდიში მომიხადა, ხომ დასაფასებელია?!

ყვირილით კი, ყვიროდა ხოლმე, შენ არ გაგინებო, ამბობდა და არ მქონდა მიზეზი, არ დამეჯერებინა. რა საკვირველია, ესმოდა დედამისს, რას გააწყობდა? მასავით, მეც სულ დავიცამ საკუთარ შვილს.

კარგით, ახლა! სილა მამაჩემსაც გაურტყამს, ეგ რა სალაპარაკოა? რამდენიმე შემორტყმის გამო ოჯახის საქმე გარეთ გამეტანა? ასე არ შეიძლება!

გაუპატიურება? რას ბრძანებთ?! ქმრის მიერ ცოლის გაუპატიურება ვის გაუგონია? ერთი-ორჯერ თუ ძალით დავუწვენივარ საწოლზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ის მომდგარი სარაფანი მეცვა.

შიშით კი, მეშინოდა. მახსოვს რამდენჯერმე ვიფიქრე, რომ ეს ბოლო იყო..

პირველად მაშინ, როცა ახალშობილს ვაჭმევდი და მისთვის სადილის გაცხელება ვერ მოვახერხე. მაშინ შემპირდა, რომ დამახრჩობდა და სცადა კიდეც… იცით, როგორ მეშინოდა იმ წუთებში, როცა ბავშვი დამივარდა და ვეღარ ვსუნთქავდი?! წინააღმდეგობისას უფრო ბრაზდებოდა, უფრო ძლიერად მიჭერდა და უფრო ხმამაღლა მეუბნებოდა, რომ საკმარისად კარგი არ ვიყავი. თუმცა, ახლა თქვენ გესაუბრებით, ესე იგი – გადავრჩი.

რა უნდა მექნა? არც არაფერი. ყველას ესმოდა. ყველამ იცოდა. ეს მაინც ჩვენ ორის საქმე იყო…

ახლაც მეშინია. რომ გაიგოს მასზე ვსაუბრობ, იცით რას მიზამს? არა, სიკვდილით ალბათ, არ მომკლავს, ბოროტი ხომ არ არის, მაგრამ რამდენჯერმე ბავშვიც კი სცემა ჩემი დანაშაულის გამო.. თუმცა, მაინც კეთილია, ტკბილეულის გარეშე სახლში არასდროს ბრუნდება.

სად უნდა წავიდე. ვინ მიპატრონებს? როგორ უნდა გავძლო ოჯახის გარეშე? ნატკენები არაფერია, უკვე ვიცი რომელი მალამო უნდა წავისვა, მათ მალე მოსარჩენად, გადაბმულად ხომ არ გრძელდება ეს ყველაფერი? გუშინწინ ყვავილებიც კი მომიტანა ბოდიშის მოსახდელად.

ვიცი, რომ ვუყვარვარ. მეც მიყვარს. ქმარია ჩემი. ცუდი ხასიათი ყველას აქვს, ხომ არ დავხოცავთ ადამაინები ერთმანეთს?!

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსიტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით, 2020 წლის მხოლოდ სექტემბრის თვეში, საქარათველოში ქალების მიმართ ოჯახში ძალადობის 714 ფაქტი გამოვლინდა

#November25 #OreangeTheWorld

___________________________________________________________________________

ბლოგი მომზადებულია ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის “ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის გაძლიერება COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის პერიოდში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერითა და ფინანსური დახმარებით და ორგანიზაციებთან „თანაზიარი“, მეგობრობის ხიდი “ქართლოსი” და Fundacja HumanDoc პარტნიორობით.

Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *