ქართველი პარამშვილდოსანი თეა ბოლქვაძე

პარამშვილდოსანის ნაამბობი

44 წლის პარამშვილდოსანი თეა (თეკლე) ბოლქვაძე უკვე 4 წელია, რაც საქართველოს პარამშვილდოსანთა ნაკრების წევრია.

“- ცხოვრებისეული წინააღმდეგობები გაძლევს სტიმულს გააკეთო უფრო მეტი, ვიდრე გგონია, რომ შეგიძლია, ყოველი დაკეტილი კარის შემდეგ ახალი გზები, შესაძლებლობები და ისტორიებია”

სკოლის დამთავრების შემდეგ თეამ ჯერ სანიტრად, შემდეგ მედდად, 10 წელი კი გარდაბნის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მორიგე ექიმად იმუშავა.

მისი ისტორია ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში, ძმის გარდაცვალებისაგან მიღებული ტკივილით იწყება.

შემდეგ იყო რთული მშობიარობა, საოპერაციო მაგიდაზე გულის გაჩერება და საკუთარი თავის ოთახის კუთხიდან სრულიად რეალურად დანახვა. კლინიკური სიკვდილისაგან გამოწვეული დეპრესია, რთული პერიოდი და პრობლემები ერთიანად ფურელზე დაწერა და გადაშალა – ასე დაიწყო თეას ახალი ცხოვრება.

2014 წლის 11 მაისს პირველკლასელი შვილის სკოლის ექსკურსიაზე წასული ახლადგარდაცვლილ მამას გლოვობდა. ბავშვები ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ათვალიერებდნენ, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა ვიზიტორების მიღება დაშვებული იყო.

მუზეუმის რეაბილიტირებულ მოაჯირზე ფოტოს გადაღების შემდეგ თეას მხოლოდ სიმაღლიდან ვარდნის დროს დანახული ეკლესიის ღია კარი და ანთებული სანთლები ახსოვს.

თეა ბოლქვაძე

შემდეგ იყო კვლავ საოპერაციო მაგიდა, საავადმყოფოს პალატა, მტკივნეული დიაგნოზის მოსმენა და გამოჯანმრთელებისაკენ მიმავალი შორეული, გრძელი გზა. 

რეაბილიტაციისას Wings for Life World Run-ის შესახებ გაიგო. 

მსოფლიო რბენის მონაწილეებს ერთი მიზანი აერთიანებთ. რეგისტრაციისა და შემოწირულობების თანხა სრულად ირიცხება Wings for Life-ის ფონდში, ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზების საძიებლად. 

“ – ოპერაციიდან ერთი წლის შემდეგ ჯერ ისევ მიჭირდა ეტლით თავისუფლად სარგებლობა.

ფიზიოთერაპევტის დახმარებით მსოფლიო რბენაზე გასვლა შევძელი და 2015 წელს 6.800კმ. გარბენით პირველი ეტლით მოსარგებლე ქალი ვიყავი საქართველოში, რომელმაც გაიმარჯვა.

სწორედ, ამ შემთხვევამ მომცა სტიმული, დავკავებულიყავი სპორტითა და აქტიური ცხოვრების წესით, თუნდაც ეს ყოფილიყო ბორბლებზე, ფეხების ნაცვლად.”

მსოფლიო რბენის შემდეგ თეა მშვილდოსნობით დაინტერესდა, 40 წლის ასაკში პარამშვილდოსანი გახდა და დღეს ის უკვე თბილისის ზამთრის ჩემპიონის, 2-ჯერ საქართველოს ვიცე ჩემპიონის სტატუსისა და ბრინჯაოს მედლის მფლობელია.

თანაგუნდელებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში ვარჯიშობს, თუმცა მსოფლიო პანდემიამ დროებით შეაჩერა სპორტული აქტივობები.

თავისი ხელით აშენებულმა, სრულიად ადაპტირებულმა სახლმა, თეას დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის რწმენა მოუტანა.

სახლის ეზოში განმატოება, ოჯახზე ზრუნვა და ცხოვრების სრულფასოვნად შეგრძნება ხშირად აფიქრებს, თუ როგორი პატარაა ადამიანი მთლიან სამყაროში.

“ – მინდა მივმართო ტიპური განვითარების თუ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს – არასდროს დაუხაროთ თავი თქვენსავე შიშებს, არ აქვს მნიშვნელობა, საიდან მოდიან ისინი. რომ  არა ეტლი, მე ვერ გამოვავლენდი ჩემს პოტენციალს.

ეტლმა მომცა საშუალება, მებრძოლა უკეთესი ცხოვრებისათვის. მთავარი სიძლიერე, თავის რწმენა და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილია.”

პარამშვილდოსანი თეა ბოლქვაძეს ნაამბობი
Facebook Comments
გააზიარე
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *